ათონის მთიდან საქართველოში შესაძლოა, X საუკუნის ოშკის ბიბლია და XI საუკუნის ოპიზის სახარება ჩამოიტანონ

ათონის მთიდან საქართველოში შესაძლოა, X საუკუნის ოშკის ბიბლია და XI საუკუნის ოპიზის სახარება ჩამოიტანონ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ათონის მთის წმ. კინოტთან მოლაპარაკებაში როგორც საქართველოს, ასევე საბერძნეთის მთავრობაც აქტიურად არის ჩართული.

„გაგზავნილი გვაქვს თხოვნა მონასტრის სახელზე. ამ დოკუმენტის გაგზავნაში მხარი კულტურის სამინისტრომ დაგვიჭირა. მინისტრის თხოვნაა ივერონის წინამძღვრისადმი და საბერძნეთის კულტურის სამინისტროსადმი, რომ მხარი დაგვიჭირონ, რათა საქართველოში დელეგაცია ჩამოვიდეს ათონიდან, კონკრეტულად კი ივერონის მონასტრის რამდენიმე ბერი და თან წამოიღონ ექსპონირებისთვის ოშკის X საუკუნის ბიბლია და ოპიზის XI საუკუნის სახარება – ქართული ხელნაწერი. ზოგადად ათონში 90-მდე ქართული ხელნაწერია. ჩვენთან კი სწორედ ახლა მთავრდება პროექტი ხელნაწერების კატალოგის განახლების და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ჩამოიტანდნენ- უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნებოდა, როგორც მკვლევარებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ და იქვე დასძინა, რომ ხელნაწერების ჩამოტანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან გადაწყვეტილებას ივერონის მონასტერი დამოუკიდებლად არ იღებს.

„ივერონი არ წყვეტს. ამას წყვეტს ათონის მთის ყველა მონასტრის საერთო საკრებულო წმინდა კინოტი. თუმცა საბერძნეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულება მხარს გვიჭერს. თვითონ საბერძნეთის კულტურის სამინისტროდანაც გაიგზავნა წერილი ათონში, რომ ისინი ჩაერთვებიან და ხელს შეუწყობენ. კინოტის წევრთა უმრავლესობით გადაწყდება, ჩამოვა თუ არა ხელნაწერები საქართველოში – მოლოდინი 50/50-ზეა,“ – განაცხადა ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ათონის მთასთან იყო გარკვეული სახის დაძაბულობა, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება დასტაბილურდა.

„შევეცადე, რომ დამეთბო ეს ურთიერთობა. ჩემმა ინსტიტუტმა დაიწყო მუშაობა ათონში კატალოგსა და პროექტებზე, რაც არ იყო შეთანხმება ათონთან და ამან ცხადია, გამოიწვია მათი გაღიზიანება, მაგრამ ახლა ცოტა უკეთესი მდგომარეობა“, – დასძინა აბაშიძემ.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares
%d bloggers like this: