მუხლი 315: (არარსებულ?) შეთქმულებათა ქრონიკა

2019 წლის 4 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარლამენტის წინ 20-21 ივნისს მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე აღძრული საქმის მუხლი დაამძიმა. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლს, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს, 315-ე მუხლი – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით ამბოხისა და შეთქმულების ორგანიზება დაამატა.

საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, „ცალკეული პირების მიერ“ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. პროკურატურას დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა განმარტა, რომ საქმის შესწავლა გრძელდება და რომ ამ მიზნით, ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენათა ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა უკვე გამოითხოვეს. პროკურატურამ ისიც დასძინა, რომ მათ კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებულ გარე სათვალთვალო კამერათა მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალაც მოიპოვეს.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე პირველად არ საუბრობს. უკვე ჩვეულებად იქცა, რომ სახელმწიფო გადატრიალების თემა არჩევნების წინა პერიოდში წამოყოფს ხოლმე თავს და კამპანიის ნაწილად იქცევა.

წლების განმავლობაში, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები პოლიტიკურ მეტოქეთა მხრიდან ქვეყანაში დაძაბულობის, არეულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობებზე მსგავსი შინაარსის გზავნილებს აჟღერებდნენ.

2018

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებს „დაძაბულობისა და პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდის შედეგად, რაღაც შედეგების“ მიღწევა სურდათ.

„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად… ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“ – ამბობდა მინისტრი გახარია.

315-ე მუხლით 2007 წლიდან დღემდე გამოძიება შვიდჯერ მაინც აღიძრა, მაგრამ ბოლომდე არცერთი საქმე მისულა

2017

განგაშის ზარები შემოჰკრეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. იმ დროს, ე.წ. მოდულის შენობაში პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს და განუცხადეს, რომ 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა.

გამოკითხვიდან გამოსულმა გიგა ბოკერია აცხადებდა, რომ „ხელმძღვანელობისგან – ივანიშვილის გუნდისგან“ მიღებული პოლიტიკური დაკვეთის გამო, ორგანოები, „რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდეს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ გამოწვევასა და პრობლემას უნდა ებრძოდეს, დაკავებულია…შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით“.

2016

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების/ამბოხის მოწყობის საქმეზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

უწყების გადაწყვეტილება Youtube-ზე აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მაშინდელ ლიდერს, გიგა ბოკერიას „რევოლუციური სცენარის“ განვითარებაზე ესაუბრებოდა.

2015

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხელისუფლების დამხობის თემა 2015 წელსაც პოპულარული იყო. 315 მუხლით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. სუს-მა გამოძიება რუსეთში რეგისტრირებულ ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს მოაყოლა, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერის, გიგა ბოკერიას სტამბოლის აეროპორტში შემდგარი საუბრის სტენოგრამა იყო. სტენოგრამის საუბარი საზოგადოებაში მასობრივი პროტესტის გამოწვევის მიზნით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მოწყობის გეგმას შეეხებოდა.

2014

ოპოზიციის მხრიდან გადატრიალების მცდელობაზე ლაპარაკი ქართული ოცნების ხელისუფლებას 2014 წელსაც არ გამორჩენია. მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „პრაიმ ტაიმისათვის“ 2014 წლის აპრილში მიცემულ ინტერვიუშიაცხადებდა, რომ ნაციონალური მოძრაობა „სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობის“ მიზნით დესტაბილიზაციას გეგმავდა.

ჭიკაიძე იმავეს იმეორებდა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში 2014 წლის სექტემბერშიც. იგი აცხადებდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში „დესტაბილიზაციას“ გეგმავდა და რომ ქუჩის აქციების დასაწყებად საბურავებს იმარაგებდა. ჭიკაიძე ამბობდა, რომ ოპოზიციური პარტია, მისი ლიდერი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ქაოსის შექმნას“ აპირებდნენ.

„შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას“, – განუცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ „ალიას“.

როლების ცვლილება

ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალებისა და დესტაბილიზაციის გეგმა აქტუალური იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაც. მაგალითად, 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაასახელა.

2011 წლის 31 მაისს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მაშინდელი ხელისუფლების მიერ 26 მაისის აქციის დარბევის საკითხზე დებატები გაიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ „პოლიტიკური ექსტრემისტების“ მიერ მოწყობილი რუსეთიდან მართული „ავანტიურა“ აღკვეთა, რომლის მიზანიც სამოქალაქო ომის გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო.

ოპოზიციისეულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერის საპროტესტო აქციის დაშლის დროსაც. მაშინ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდა დანაშაულს.

„ეს კადრები ნათელს ხდის, რატომ არ უნდა ოპოზიციის ნაწილს დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მოთხოვნიდან სამ მოთხოვნაზე ქვეყნის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად საუბრობდა, რატომ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვითარება ყოფილიყო მაქსიმალურად ესკალირებული“, – აცხადებდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვეში ბურჯანაძე ოპოზიციას შეუერთდა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით არაერთ საპროტესტო აქციასაც ხელმძღვანელობდა. ბურჯანაძე წინამძღოლობდა 2011 წლის 26 მაისის იმ პროტესტსაც, რომელიც მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასეს და რომელიც სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

ოპოზიციის მხრიდან კონტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაზე საუბრობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც სამართალდამცველთა მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შეფასებისას.

„რაც მოხდა გუშინ, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი იმ შეთქმულებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას, საქართველოს დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს“, – ამბობდა იგი.

მაშინ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით საქმე რამდენიმე პოლიტიკოსის, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგაც აღიძრა. იმავე ბრალდებით გამოძიება ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგაც დაიწყო, რომელიც 2007 წლის ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ფინანსურ, მისი ტელევიზია „იმედი“ კი – სატელევიზიო მხარდაჭერას უცხადებდა.რა შედეგით დასრულდება პროკურატურის ბოლო მცდელობა და გამოავლენს თუ არა ის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულ ოპოზიციონერთა წრეს, წესით, დრომ და გამოძიებამ უნდა აჩვენოს. თუმცა, ფაქტია, პოლიტიკურ მეტოქეთა წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის ბრალდებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში, ამ დრომდე ჯერ არავინ დასჯილა.

Facebook Comments

shares
%d bloggers like this: