ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ 20-21 ივნისის მოვლენებზე რეზოლუციის პროექტები შეიმუშავეს

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დღეს საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტები წარადგინეს, რომლებიც 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს შეიცავს და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.რეზოლუციის ორი განსხვავებული პროექტის წარდგენა მოხდა საქართველოს პროკურატურის გუშინდელი გადაწყვეტილების ფონზე, რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა და გამოძიება არა მხოლოდ ჯგუფური ძალაოდობის მუხლით, არამედ უკვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მუხლითაც წარიმართება.

რეზოლუციის პროექტების განხილვა სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პროექტი

გია ვოლსკი “ქართული ოცნების” რეზოლუციას წარადგენს. ფოტო: parliament.ge

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტში, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ წარადგინა, აღნიშნულია, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 20 ივნისს დაწყებული მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი გამოიყენეს „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად“, ასეთ აქტად კი მიჩნეულია „პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური“. იქვე აღნიშნულია, რომ „ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას“.

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები „განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ“, რაც გია ვოლსკის განმარტებით ექს-პრეზიდენ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს  მიემართება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს“, „ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს“ პარლამენტში „შეჭრის მცდელობა“ და სამართალდამცველი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების „შესაძლო შემთხვევები“, მათ შორის, დაადგინოს ამ მოვლენების ორგანიზატორები და მონაწილეები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები რეზოლუციის პროექტს წარადგენენ. ფოტო: parliament.ge

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ შეფასებებს შეიცვას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი, რომლშიც ძირითადი ყურადღება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა გამახვილებული. რეზოლუციის პროექტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ სესია შეფასებულია, როგორც „სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი“.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა წარადგინა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს ავალებს ე.წ. „გავრილოვის სიის“ შედგენას, მასში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირების შეყვანას და ამ პირების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე მუშაობას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა აზრით, ე.წ. „გავრილოვის სიაში“ უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც ქვეყენაში სერგეი გავრილოვი მოიწვია; ვინც 20 ივნისს „საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე“ ბრძანება გასცა; ვინც მომხდარში პარლამენტის წევრი ნიკა მელია დაადანშაულა და „შესაბამისად, ითანმშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი“. მათივე აზრით, სიაში უნდა შევიდნენ საქართველოს პარლამენტის ის წევრებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.

ამასთან ერთად, „გავრილოვის სიაში“ უნდა შევიდნენ რუსი პოლიტიკოსები, რომელთა საქართველოში ვიზიტიც „არ იქნება მიზანშეწონილი“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შესაბამისი თანამშრომლობა იქნება ამ პირთა წრის განსასაზღვრად, [თუმცა] ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ სხვა მხარეებთან [სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან], რომლებიც ადგენენ პასუხისმგებელ პირთა წრეს და მომავალში, როდესაც ამისი პოლიტიკური მზაობა იქნება და ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოს პარლამენტი ამ რეზოლუციას მიიღებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Facebook Comments

shares
%d bloggers like this: