სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ 46 ოჯახს გამოსყიდული მიწის კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი ლარი გადაუხადა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ 46 ოჯახს, გამოსყიდული მიწის კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი ლარი გადაუხადა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერმა კობა გაგნიძემ განუცხადა.

როგორც, კობა გაგნიძე აცხადებს, კომპანიამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ იმ ოჯახებსაც გადაუხადა, რომელთაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. ამასთან, მისივე თქმით, მიწების გამოსყიდვა ნაკრას ხეობაში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ადგილობრივი მოსახლეობისგან 47 ერთეული ჯამში 38,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გამოსყიდული, რომლის სანაცვლოდაც 46-მა ოჯახმა სს “ნენსკრა ჰიდროსგან” 3.5 მილიონი ლარის კომპენსაცია მიიღო. პროექტი მოქმედებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკით, ის აღიარებს ადგილობრივების მიერ მიწის ტრადიციულ მფლობელობას, შესაბამისად მიწის იმ მესაკუთრეებსაც ვუხდით კომპენსაციას, რომლებსაც მიწა რეგისტრირებული არ აქვს და არც რაიმე დოკუმენტი აქვთ მიწის მფლობელობის დასადასტურებლად,“ – განაცხადა კობა გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოსგან კომპანიას, სიმბოლურ ფასად 1 დოლარად, 750 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა კონკრეტული ვალდებულებებით, ამასთან აღნიშნული მიწა მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს 36 წლის შემდეგ უკან უსასყიდლოდ დაუბრუნდება.

„სახელმწიფოსგან კომპანიას, 1 დოლარად, გადმოცემული აქვს 750 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თუმცა აქ აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ვალდებულება, რომელიც „ნენსკრა ჰიდროს“ აქვს. ხელშეკრულების თანახმად, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა BOT (build-operate-transfer) სქემით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავა, რომ უცხოელი ინვესტორი სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მიწებზე ააშენებს ჰესს, რომელსაც ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წლის შემდეგ უსასყიდლოდ დაუბრუნებს სახელმწიფოს მასზე არსებული ინფრასტრუქტურით, შესაბამისად ეს არაა მიწების მუდმივი გადაცემა,“ – განაცხადა კობა გაგნიძემ.

ცნობისთვის,“ნენსკრა ჰესის” საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ , კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

რაც შეეხება თავად „ნენსკრა ჰესს“, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,031 მილიარდი აშშ დოლარია.

Facebook Comments

shares
%d bloggers like this: