განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი 10 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს მიმოქცევაში. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

“განახლებული ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. განახლებულ ბანკნოტებზე გამოსახულია/დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით. ასევე, ლარის ბანკნოტზე შეიცვალა და დაემატა დიზაინის ცალკეული ელემენტებიც. აღსანიშნავია, რომ თემატიკის შენარჩუნების თვალსაზრისით, ახალი ბანკნოტების, კერძოდ კი 5 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტების დიზაინში გადატანილია 1 და 2-ლარიანი ბანკნოტების დიზაინში არსებული ძირითადი მოტივები. ყოველივე ეს კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა, მრავალფეროვნებით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები “იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.

ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ. ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: “Giesecke + Devrient Currency Technology” (გერმანია), “Oberthur Fiduciaire” (საფრანგეთი), “De La Rue” (დიდი ბრიტანეთი).

Facebook Comments

shares
%d bloggers like this: