ანდრეს ფოგ რასმუსენი: 2008 წლის აპრილში საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება შეცდომა იყო

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის MAP-ის არმინიჭება შეცდომა იყო.

რასმუსენის წერილი, რომელიც მან ალიანსის 70-წლის იუბილეს მიუძღვნა, გამოცემა Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა.

ყოფილი გენერალური მდივანი წერს:

“ღია კარის პოლიტიკასთან ერთად NATO ახალი მოკავშირეების მიღებას აგრძელებს და მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების სურვილს 20 წლის გაფართოების ენთუზიაზმმა რუსეთის წინდახედულობა გაზარდა, ასეთი თავშეკავებულობა არასწორია. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ ყოველთვის, როცა NATO ყოყმანობდა, რუსეთი მოქმედებაზე გადადიოდა.

მაგალითად, 2008 წლის აპრილში, როცა NATO-ს მოკავშირეები ბუქარესტში შევიკრიბეთ, რათა სამოქმედო გეგმის (MAP) საქართველოსა და უკრაინისთვის მინიჭების საკითხი განგვეხილა. გერმანიის და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე გადავდეთ. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა და მას შემდეგ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული.

1999 წლის აპრილიდან NATO-მ ფორმალური პროცესი წამოიწყო, რათა ასპირანტ ქვეყნებს ​MAP-ის მიღების გზაზე რჩევის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მაგრამ დასაშვებობის კრიტერიუმი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული დავა აქვს, NATO-ს წევრი გახდეს.

კრემლს ეს ესმის და ამიტომ მას მუდმივად აქვს ე.წ გაყინული კონფლიქტები – მან სუვერენულ ქვეყნებთან დავა ძალადობით დაიწყო და შემდეგ ჩიხში გაიჭედა, რითიც ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენა ვეტო.

ამის შესანიშნავი მაგალითია უკრაინა. 2014 წელს კიევში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომით დასრულდა. როდესაც უკრაინამ ცხადად გამოხატა, რომ დასავლურ კურსს ირჩევდა, პუტინმა სცენარი შეატრიალა და სპეციალური შეიარაღებული ძალები ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონოდ ანექსიისთვის გამოიყენა. ამას მალევე მოჰყვა რუსეთის თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, სადაც კონფლიქტი ამ დრომდე გრძელდება.

მე გადავხედე 2008 წლის NATO-რუსეთის შეხვედრის ჩანაწერებს და აღმოვაჩინე, რომ პუტინმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც შემდეგ ყირიმის ანექსიაში აისახა – მაგალითად ის, რომ უკრაინის მოსახლეობის ერთი მესამედი ეთნიკურად რუსია, ან ის, რომ ის [უკრაინა] ამ ფორმით მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილების გამო არსებობდა. მეტიც, საქართველოში შეჭრის დროს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე უკრაინა იქნებოდა. მაგრამ მაშინ ეს ადრეული წითელი ნიშნები შეუმჩნეველი დარჩა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ და უკრაინამ გააგრძელეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა NATO-ს წევრობის კრიტერიუმებთან დაახლოების გზაზე ვარაუდით, რომ ისინი ერთ დღეს აუცილებლად შეუერთდებიან ალიანსს. NATO-სთან კიდევ უფრო მჭიდროდ დაახლოების პერსპექტივამ ხელი შეუწყო უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ და სამხედრო რეფორმებს. ორივე ქვეყანა რეგულარული კონტრიბუტორია NATO-ს მისიებში, მათი კონტრიბუცია გაცილებით დიდია, ვიდრე ბევრი წევრი ქვეყნისა. საქართველომ და უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა განახორციელონ შემდგომი რეფორმები, რათა NATO-ს სრული წევრობის სტანდარტი დააკმაყოფილონ.

უკრაინაში ახლა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდია, საქართველო კი მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. ორივე შემთხვევაში, ამ ქვეყნების არჩევანი განაპირობებს მათ მომავალს შემდგომ წლებში.

რისკების გათვალისწინებით, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის დემოკრატიული ნების შესახებ თბილი სიტყვების შეთავაზების მიღმა ნაბიჯები უნდა გადადგან და გააცნობიერონ წესრიგის დამრღვევის ის როლი, რომელსაც კრემლის პარანოია ასრულებს გაწევრიანების პროცესში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობის ხელის გაწოდება პუტინის რუსეთისთვის, თუ ის შეცვლის თავის ქცევას. მაგრამ უნდა დავგმოთ ასპირანტი ქვეყნების განუსაზღვრელად “ღრმად გაყინვა” მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სტრატეგიული მოწინააღმდეგე დამშვიდდეს. კრემლის მიზანი ამ ქვეყნების პროგრესისთვის ხელის შეშლაა. თუ ამას დავუშვებთ, ჩვენ ჩვენს მოვალეობას უგულებელვყოფთ.

NATO-ს დაარსების 70-ე წლის იუბილეზე, დროა ალიანსმა დაისახოს ცხადი ამოცანები შემდგომი ინტეგრაციისთვის. ამის დაწყება შესაძლებელია უკრაინისთვის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partnership) შეთავაზებით, რაც უკვე აქვთ შვედეთს, ფინეთს და საქართველოსაც კი. ეს ფორმალიზებულს გახდის ალიანსის უკრაინასთან ურთიერთობას და იქნება შემდგომი ნაბიჯი გადადგმული MAP-ისა და სრული ასოცირებისკენ.

ამავე დროს, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა (სანქციების გზით) რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს კონფლიქტი დონბასის რეგიონში, როგორც ეს 2014 წლის მინსკის პროტოკოლში წერია და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ალიანსმა ცხადი უნდა გახადოს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი ასპირანტი ქვეყნებისთვის, რათა ოფიციალურად შეუერთდნენ ალიანსს.

აქ NATO-ს შეუძლია გამოიყენოს კვიპროსის ევროკავშირთან მიერთების მოდელი. კვიპროსი ევროკავშირისა და ევროზონის სრული წევრია, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობის გავრცელება შეჩერებულია კუნძულის ისეთ ნაწილებზე, სადაც კვიპროსის მთავრობის გავლენა არ ვრცელდება. ანალოგიურად, NATO-ს შეუძლია სამხედრო უსაფრთხოების გარანტიების შექმნა საქართველოსა და უკრაინის მთავრობების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დონბასის რეგიონის საკონტაქტო ხაზთან ბოლო ვიზიტის დროს (წინა ხაზი უკრაინულ ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს შორის) – უკრაინელმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ ისინი ამაყები არიან, რადგან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის. თუ NATO აპირებს, გააგრძელოს თავისი პოლიტიკური მისიის შესრულება თავის მერვე ათწლეულში, პატივი უნდა სცეს მსხვერპლს, რაც ამ ჯარისკაცებმა გაიღეს, რათა თავიანთი ქვეყნისთვის წევრობის გზა გაეკვალათ“.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares